31 მარტიდან 6 აპრილამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მასპინძლობს საერთაშორისო ზამთრის სკოლას „პარადიგმის ცვლა – მეცნიერების ახალი ფილოსოფია“, რომელსაც ერთობლივად ატარებენ ფრანკფურტის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულება (დოქტორი მარიამ ყამარაული), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროფ. დარეჯან თვალთვაძე) და დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველო (პროფ. მანანა თანდაშვილი).
საერთაშორისო ზამთრის სკოლა მიზნად ისახავს ჰუმანიტართა ახალგაზრდა თაობისათვის როგორც თეორიული ცოდნის გადაცემას – მეცნიერებაში პარადიგმის ცვლილების არსისა და ფორმების შესახებ, ისე ჰუმანიტარულ კვლევებში ციფრული რესურსების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების ათვისებასა და პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. XXI საუკუნეში მეცნიერების ახალმა ფილოსოფიამ მოითხოვა ძირითადი კონცეპტების – ცოდნისა და რესურსის – რეინტერპრეტაცია. კვლევის ტექნოლოგიზაციამ, შესაბამისად, გამოიწვია ახალი ტიპის ცოდნის შექმნის აუცილებლობა, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა მეცნიერებაში პარადიგმის შეცვლა და მეცნიერების ახალი ფილოსოფიის ჩამოყალიბება. სწორედ ეს საკითხები განიხილება საერთაშორისო ზამთრის სკოლის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ საქართველოს უნივერსიტეტების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები. ისინი პროგრამის გავლისა და საპრეზენტაციო თემების წარდგენის შემდეგ მიიღებენ საერთაშორისო სერტიფიკატს.
დეტალური ინფორმაცია ზამთრის სკოლის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://adh.ge/international-winter-school-ge/